რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერება” აჩვენეს.
ფილმში ასწლოვანი, გიგანტური ხეები დენდროლოგიურისკენ მიემგზავრებიან. ზოგი ზღვაზე ბორნით, ზოგი ხმელეთით, ღამით, დღისით.
ხეების დერეფანში ტოტებშეკვეცილი ხისთვის გზა მაინც ვიწროა, მისი ტოტები სხვა ხეების ტოტებს ედება, ხეების ფოთლები და ნაძვის წიწვები, როგორც მშრალი ცრემლები ისე იყრებიან ერთმანეთის შეხებაზე. ჩვენი პირბადეების შიგნითაც ჩადის ცრემლები.
დოკუმენტალისტი რეჟისორის სალომე ჯაშის ფილმი „ხეების მოთვინიერება“ გვიყვება საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 -17 წლებში უნიკალური ხეების შეგროვების და ციხისძირის დენდროლოგიურ პარკში გადარგვის შესახებ ამბავს. ფილმში ამბავი ალეგორიულად არის მოთხრობილი, როგორც მითი ბუნების, სამყაროს მოთვინიერების შესახებ. ასწლოვანი ხეები, რომელთა გაყიდვაც ალბათ მათ პატრონებს არასდროს მოუვიდოდათ თავში ყიდვა-გაყიდვის და განსჯის საგანი ხდება.
ადამიანები ყიდიან თავიანთ ხეებს და უხარიათ, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს იუმჯობესებენ, ოჯახის წევრს უმკურნალებენ, სოფელში გზა დაიგება და ა. შ. ამის მიუხედავად, მაინც ჩნდება უცნაური უხერხულობის განცდა, თავის მართლება მომხდარის, თითქოს რაღაც ამორალურს სჩადიან. ერთი ოჯახი გადაიფიქრებს ხის გაყიდვას, თუმცა გვიანია – ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია, ხე მიწიდან ამოძირკვულია…
ზღაპრებთან მივდივართ ასოციაციებით და ყველა ის ამბავი მახსენდება, როგორ ყიდულობს მდიდარი კაცი ყველაფერს, მზეს, მთვარეს, ჰაერს, სულს, სიცილს… როგორ უთანხმდებიან საყვარელი არდაბადებული ქალიშვილის გასხვისებაზე კუდიანს და მერე კი, როცა დაიბადება და უნდა გადასცენ, დაგვიანებულია უარის თქმა, გასხვისებულია და ძნელია პირობის დარღვევა.
უზარმაზარი მილებით ხის ფესვებში შეღწევა და მისი ამოძირკვა…
მიწის ქანები, ატალახებული ბრძოლის ველი, რომელიც ხის ამოღების შემდეგ რჩება – ყველა ეს კადრი გვაჩვენებს რამხელა ძალისხმევა სჭირდება ადამიანს ბუნებასთან დასაპირისპირებლად. მძლავრი ტექნიკა მთავარი ინსტრუმენტია ბუნებასთან საბრძოლველად.
ხეების ამოძირკვის სამუშაოებში კარგად ჩანს, რამდენად გინგატურია ხე, რომლის ფესვებიც უზარმაზარ ტერიტორიაზე გართხმული, რომელიც თუ გადაწყვეტს, რომ არ დაგემორჩილოს, მოკვდება. თუმცა, მდიდარი და ახირებული კაცი, სასიკვდილოდ განწირულ ხესაც წაიღებს თავისი ბაღისთვის.
დაღვრილი წყალი, რომელიც ნელა მოიწევს, ზღვის ნაპირზე ხის ჩამოქცევა კი ალბათ მინიშნებებია, რომ ბუნებასთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო. და რა იქნება მისი რეაქცია, ამის პროგნოზირება თავიდან შეუძლებელია. განაწყენებული ბუნება ყოველთვის ისე გვპასუხობს, როგორც ვექცევით და ვიმსახურებთ.
„ღმერთო მშვიდობა ქენი“… ამ და სხვა ფრაზებით აცილებენ სოფლის მაცხოვრებლები ხეებს ბოლო გზაზე… თითქოს პანაშვიდია. ტირიან, ერთმანეთს ამშვიდებენ, მომარჯვებული ტელეფონებით იღებენ ბოლო კადრებს.
ასწლოვანი ხეების გადარგვას სხვა ხეები ეწირებიან. გზებზე ხეები იჭრება, რომ ტოტებდასხეპილი ხეები წაიღონ. „ყველაფერი, რასაც ამ ცხოვრებაში ჩავდივართ, იმ ცხოვრებაში უკან გვიბრუნდება“, – ამბობს ქალი ფილმიდან, რომელსაც თავისი დარგული ხეების მოჭრა ენანება და ბოლო მომენტამდე ეწინააღმდეგება მუშებს.
ზღვაგადაცურული ხეების საბოლოო ნავთსაყუდელი დენდროლოგიური პარკია.
გადარჩებიან ხეები დენდროლოგიურ პარკში? შეეგუება მათი ფესვები ახალ ნიადაგს, ახალ გარემო-პირობებს? ვინ გაუძლებს და ვინ ვერ გადარჩება? ვინ არ დაემორჩილება ერთი ადამიანის ახირებას? რომელი ხე იშრიალებს სიცოცხლის ახალი ძალებით? რომელი მისცემს ჩრდილს და ჟანგბადს ადამიანებს… და როგორ განაგრძობენ ცხოვრებას ის ადამიანები, ვინც ხეები გაყიდეს? ხომ არ მოენატრებათ თავიანთი ხეები ან სინანული ხომ არ შეიპყრობთ? გამოეცხადებათ თუ არა წინაპრები სიზმრებში, რომლებიც ხის გაყიდვას უსაყვედურებენ. ან როგორი გახდა
მათი სოფლები ამ ხეების გარეშე? როგორ მოუყვებიან წლების შემდეგ თავიანთ შვილიშვილებს ამ ამბავს, რომ ერთხელ, ერთმა მდიდარმა კაცმა გადაწყვიტა ყველა ლამაზი და მრავალწლოვანი ხე საკუთარ ბაღში გადაერგო, ამიტომ, გადაწყვიტა ყველა სოფელი ჩამოევლო და ყველა ლამაზი ხე შეესყიდა. ზოგიერთ პატრონს ხის გაყიდვა აღარ უნდოდა, მაგრამ ისინი ძალიან ღარიბები იყვნენ, ამიტომ იძულებული გახდნენ მათი მამა-პაპის დარგული ხეები გაეყიდათ. ეს ის კითხვები და შეგრძნებებია, რაც ფილმის ნახვის მერე ჩნდება მაყურებელში, რადგან მოთვინიერებული
ხეების ბედის გაზიარება ძალიან ამაღელვებელია.
ფილმის დასასრულს კი გულბრყვილო, მხიარული მუსიკა ისმის, პატარა ხელოვნური წყლის შადრევნები იმედს გვიტოვებს, რომ მიგრანტი ხეები ცხოვრებას ახალი და იქნებ საინტერესო სიცოცხლით განაგრძობენ.
ჩემს კითხვაზე, როგორი იყო რეჟისორის ჩანაფიქრი ფილმის დასრულებაზე, გვიტოვებს თუ არა ის, არც თუ ისე ცუდი დასასრულის იმედს, სალომე ჯაში გვპასუხობს, რომ ფილმი იძლევა შესაძლებლობას თითოეულ მაყურებელში ინდივიდუალური გრძნობები აღიძრას. ჩვენ კი ადამიანები უნდა დავფიქრდეთ ჩვენი გარემოს იმ მრავალ შრეზე, რომელშიც ვცხოვრობთ.
ფილმში, ხის ძირში მიწოლილი მძინარე კაცის კადრი ჩუმი შეხსენებაა, რომ ბუნება ჩვენი სიცოცხლის მომნიჭებელია, ხეები ჩვენი სახლიც არის, საჩრდილობელიც და დამცველიც. რომ არა მარტო ჩვენს ეზოში და ბაღში მდგარ ხეზე გვმართებს ზრუნვა და ყურადღება, სხვის ეზოში, სხვა ქალაქში მდგომ ხეებზე ზრუნვაც ჩვენი ვალია და თუ ვერ ვზრუნავთ, იმ კაცის მაგივრადაც ჩვენ უნდა მოვუხადოთ ბოდიში ხეებს. ბოლო წინადადება შესაძლოა პათეტიკურადაც ჟღერს,მაგრამ ზოგჯერ შეიძლება პათეტიკასაც ჰქონდეს არსებობის უფლება.