ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.

სპექტაკლი “კუ + კოკინა” მცირე სცენაზე იქნება წარმოადგენილი.

 

კუ+კოკინა ეჟენ იონესკოს პიესის ,,ორთა ბოდვა’’ მიხედვით დაიდგმება. სპექტაკლი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემაზე მოგვითხრობს. ოჯახი, სადაც ერთმანეთის დადანაშაულება ხშირია, ხოლო მოსმენა და გაგება იშვიათი. ორივე მხარე საკუთარი აზრის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს და არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსდის, რომ სამყარო მეორე ნახევრის თვალითაც დაინახოს – სწორედ ეს არის რეალობა, რომელშიც სპექტაკლის მოქმედი გმირები ცხოვრობენ. ცოლი ქმარს დაჟინებით უმტკიცებს, რომ კუ და ლოკოკინა ერთი და იგივეა, რაზეც ქმარი ჯიუტად ეწინააღმდეგება. განა რაიმე ღირებულზე კამათობენ? განა პრობლემა მართლა კუსა და ლოკოკინაშია? ეს აბსურდული ისტერია ქალისა და მამაკაცის მთლიანობის დარღვევაზე, ნგრევის პირას მისულ ურთიერთობასა და გახლეჩილ ოჯახზე მიუთითებს. სწორედ ამ მთლიანობის დარღვევამ და ერთმანეთის გაგების დეფიციტმა გამოიწვია ის პოლიტიკური კატაკლიზმები, რაც მსოფლიო ავანსცენაზე ხდება და რაც სპექტაკლშია ნახსენები. ერთი ოჯახის პრობლემა მთელი საზოგადოების სახედ იქცევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ ელფერს იღებს და არაჯანსაღი პროცესების სათავე ხდება.

მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თვის ბოლოს მაყურებელი “მაკბეტს” იხილავს, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი კოტე აბაშიძე დგამს. ოქტომბრის თვეში მაყურებელს სპექტაკლების ნახვა ძირითადად მცირე სცენაზე შეეძლება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *