ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 161-ე სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.
თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი ,,კუ+კოკინა’’ იქნება წარმოდგენილი, რომლის რეჟისორები კოტე აბაშიძე და ლევან სვანაძე არიან. დაგეგმილი იყო სეზონის ,,მაკბეტით’’ გახსნა, თუმცა როგორც მესხიშვილის თეატრის დირექტორი და მსახიობი, სულხან გოგოლაშვილი ამბობს, აღნიშნული სპექტაკლის დადგმას ხელი პანდემიამ შეუშალა.
,,ამ სპექტაკლზე სცენაზე ბევრი მსახიობია, რაც კოვიდ19-ის გავრცელების პირობებში არასასურველია, ამიტომ გადავწვიტეთ გადაგვედო, მაქსიმუმ ნოემბრის 7-მდე ამ სპექტაკლსაც წარმოგიდგენთ. პანდემიის პირობებში მუშაობა რთულია, მაგრამ ვალდებულები ვართ, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ვცოცხლობთ და ასეთ პირობებშიც ჩვენი საქმე ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით,’’-ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, მწვანე თეატრის მოწყობის სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
,,სამუშაოები 27 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. აქამდე სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეოდა, რადგან ევროპული კულტურული მარშრუტების ფორუმი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ ჩატარდა, ამიტომ საჩქარო არაფერია. დაჩქარებული ტემპით წარმართულმა სამუშაოებმა რამდენიმე ხის ფესვის დაზიანება გამოიწვია და გადავწვიტეთ არ გვეჩქარა,რათა საქმე არ გაგვეფუჭებინა,’’-ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
სულხან გოგოლაშვილის თქმით, ნოემბერში ასევე დაგეგმილია მესხიშვილის თეატრის გასტროლი სლოვენიის თეატრში, რომელიც საქართველოსთან ერთად ევროპული თეატრების ასოციაციის წევრია, შემდეგ ეტაპზე კი სლოვენიის თეატრი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრება.