ქუთაისში აფხაზეთის ომის ამსახველი სურათების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიება სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავს ეძღვნება. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ფოტოგრაფ ჯემალ სირბილაძის მიერ გადაღებული ფოტო-ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებშიც ქართული საზოგადოების ტრაგედია იკითხება. გამოფენა ,,ომის ვეტერანთა კავშირისა’’ და ,,ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების’’ ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.
,,ომი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, ხუთჯერ ვიყავი ჩასული და თან სურათებს ვიღებდი. Მოყვარული ფოტოგრაფი ვარ. სურათებში წარმოდგენილი ადამიანებიდან ბევრი აფხაზეთის ომში დაიღუპა. Ჩემთვისაც რთული იყო იმ დროს რასაც ვაკეთებდი. წარმოიდგინეთ, ისვრიან და ამ დროს სურათებს იღებ,’’-ამბობს ჯემალ სირბილაძე.
,,სურათებში წარმოჩენილი ადამიანებიდან ბევრი ქუთაისელია. დავიწყებას არ უნდა მიეცეს იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც სამშობლოსთვის გმირულად დადეს თავი. გამოფენის მიზანია მომავალ თაობას გავაცნოთ მათი დამსახურებები, რათა არ შენელდეს ის მუხტი, რასაც აფხაზეთის დაბრუნებისკენ სწრაფვა ჰქვია,’’-ამბობს ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო-საგანმანათლბლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.