ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა: ,,სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” 18 ივლისიდან ამ დრომდე 6548 ვიზიტორმა მოინახულა.
ინფორმაციას, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გვაწვდის.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ოქტომბრის ბოლომდე გასტანს.
საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს.
პომპეი, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
უნიკალური გამოფენა დამთვალიერებლებს ქალაქ პომპეის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურას აცნობს და ანტიკური ისტორიის სიღრმეებში ამოგზაურებს. პომპეის აღმოჩენებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ევროპული ესთეტიკის, დიზაინის, სამზარეულოს და სუფრის ტრადიციების ჩამოყალიბებაში.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში (ატრიუმი, ტრიკლინიუმი, პერისტილი, ლარარიუმი, ბაღი) აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.
სიმბოლურია, ის ფაქტიც, რომ პომპეის გამოფენას ვანი მასპინძლობს, რადგან ვანი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო, როგორც “ძველი კოლხეთის პომპეი”.
„Vani une Pompéi géorgienne“– ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა.
გამოფენა ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლებს.