“გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში
2015-2020 წლებში 1 453 000 ლარი დაიხარჯა”-ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” აქვეყნებს. გელათის მონასტრის დახურვაზე წლების განმავლობაში თანხები ასე გადანაწილდა:
2015 წელს “საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნულმა სააგენტომ” 49 800 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობასთან”. კომპანიას უნდა შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვრო დოკუმენტი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრების გადახურვის სამუშაოებისთვის.
ამის შემდეგ, 2017 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 1,350,000-ლარიანი ტენდერი, რომლის მიზანიც იყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის მოწყობა. აღნიშნულ პროექტს აფინანსებდა აზიის განვითარების ბანკი.
ე.წ მოჭიქული კრამიტით ტაძრის გადახურვის გეგმამ არ იმუშავა, რის გამოც ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლოს, 2020 წლის ნოემბერში, 53 000 ლარი გელათის ტაძრის ბრეზენტით გადახურვაში დაიხარჯა, რამაც კვლავ დააზიანა ფრესკები ჰაერგაუმტარიანობითა და ნესტის წარმოქმნით.
კვლევაში აღნიშნულია კიდევ ერთი გარემოება, რომ გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად დაქირავებული შპს “ბაგინეთი+”-ის ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, რომელიც, თავის მხრივ, არის გელათის გადახურვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტის შემდგენი კომპანიის ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
“ფლანგვის დეტექტორში მიიჩნევენ”, რომ იმ პირობებში, როდესაც ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია გელათში წყლის ჩასვლა, მისი გადახურვის შემდგომ და იყო ეს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიზეზით თუ საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის მიზეზით, საყურადღებოა რატომ გაუფორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხელახალი ხელშეკრულება ბაგინეთი + ს, მაშინ როდესაც მისი მფლობელი შესაძლოა თავად იყო დამნაშავე თავის დროზე გადახურვის სამუშაოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენაში.