ქუთაისში თეატრების ფუნქციონირება პანდემიის გამო
შეჩერებულია. უცნობია, როდის შეხვდებიან მსახიობები მაყურებლებს. კოვიდ რეგულაციების გამო მსახიობებმა შეკრება ვერ შეძლეს, მზადება ონლაინ მიმდინარეობდა.
მესხიშვილის თეატრმა, შეიძლება ითქვას, პანდემიის პერიოდიც ნაყოფიერად გამოიყენა. რეგულაციების მოხსნის შემდეგ თეატრი მაყურებელს 6-მდე ახალ სპექტაკლს შესთავაზებს. სამაგიდო რეპეტიციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასრულებულია მონო-სპექტაკლზე მუშაობა, თითქმის მზადაა 6-მდე სპექტაკლი.
“რამდენიმე სპექტაკლი უკვე მზადაა. მას სჭირდება სცენაზე დადგმა და დეკორაციების მოწყობა. როგორც კი გავიხსნებით 5-6 პრემიერას ნახავს მაყურებელი. რეპეტიციების პროცესი თეატრში არ შეჩერებულა. თუმცა, მუშაობა სპექტაკლებზე ონლაინ რეჟიმში მტკივნეულია,”-ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი.
ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობებმა კი შეკრება რამდენიმე დღის წინ შეძლეს და ბიძინა კვერნაძის ოპერაზე “იყო მერვესა წელსა” მუშაობა გააგრძელეს, რომელსაც მაყურებელი პანდემიის შემდეგ იხილავს.
“არაპროგნოზირებად სიტუაციაში ვართ, ყველაფერი ეპიდ ვითარებაზეა დამოკიდებული,”-განაცხადა დირიჟორმა, რევაზ ჯავახიშვილმა.
თეატრებმა ფუნქციონირება გასული წლის მარტის თვიდან შეაჩერეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე