ქუთაისში, ნიუპორტის # 30-ის კედელზე ახალგაზრდა პოეტის, მარიამ რევიშვილის ლექსი დაიწერა.

ღონისძიება პროექტის ,,ლექსი კედელზე’’ ფარგლებში გაიმართა. ახალგაზრდა პოეტის თქმით, დღევანდელ დღე მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასიამოვნო მოგონებად დარჩება.
,,ემოციებით გადატვირთული ვარ, საუბარიც კი მიჭირს. გამოიფინა ჩემი ლექსი, რომელიც პატრიარქს მივუძღვენი. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა, ‘’-აღნიშნა მარიამ რევიშვილმა.

მარიამ რევიშვილის ლექსი კედელზე კალიგრაფმა ფიქრია ჭაბუკიანმა დაწერა. პროექტი ოთხი წელია რაც მიმდინარეობს. მისი მიზანი ქუთაისში მოღვაწე ავტორთა აღმოჩენა და მათი პოპულარიზებაა. როგორც პროექტის კოორდინატორი, თორნიკე ღვინიანიძე ამბობს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქალაქის კულტურული ცხოვრების აღორძინებისა და განახლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პროექტის საშუალებით საზოგადოება არა მარტო ქართულ პოეზიას გაეცნობა, არამედ ქართული კალიგრაფიის ორიგინალურ ნიმუშებსაც იხილავს.

,, ჩვენ აქ ძალიან დახვეწილ ქართულ კალიგრაფიას ვხედავთ. ამ პროექტმა ბევრი კალიგრაფი და პოეტი აღმოაჩინა. მნიშვნელოვანია, რომ იგი თაობებს დარჩეს. აქ ბუმბერაზი პოეტების ლექსებია გამოფენილი. გენიალურია ყველა ლექსი, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისში მდებარე სხვადასხვა შენობის კედელზე მოხვდა,’’-აღნიშნა თორნიკე ღვინიანიძემ.

პროექტის ავტორი შალვა კამლაძეა. ის ამჟამად პარიზში იმყოფება. პროექტის ,,ლექსი კედელზე’’ ფარგლებში ქუთაისის სხვადასხვა უბანში ქუთაისელი და უცხოელი ავტორების ლექსებია გამოფენილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *