კლიმატის კვირეულის ფარგლებში ქუთაისში გამოფენა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს საზოგადოებისთვის დიდი ჰესების აშენების შემთხვევაში გამოწვეული საფრთხეების შეხსენება  წარმოადგენს. გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყანაში კაშხლის აშენების შედეგად გამოწვეული კატასტროფების სურათები იყო წარმოდგენილი. ასევე გამოფენილი იყო ბანერები, რომელზე დატანილი ინფორმაციაც საზოგადოებას მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებს.

 

,,ნამოხვანის ჰესი წყალტუბოსა და ცაგერში 610 ჰექტარს დატბორავს, მათ შორის, სოფლების ბიომრავალფეროვნებას და კულტურულ მემკვიდრეობას’’, ,,კაშხლის დაზიანების შემთხვევაში ქუთაისს დაარტყამს 34-მეტრიანი ტალღა’’, ,,გამოიწვევს ქართული ვაზის ჯიშების ხარისხობრივ გაუარესებას’’-ეს არის მთავარი გზავნილები, რითაც გამოფენის ორგანიზატორები საზოგადოებას მოსალოდნელ ზარალზე მიუთითებენ.

გამოფენა ,,ქუთაისის საინფორმაციო ცენტრისა’’ და რადიო ,,ძველი ქალაქის” ორგანიზებით მოეწყო.

,,თქვენ სურათებზე ხედავთ დიდი ჰესებით გამოწვეულ ზარალს. ხალხს ვაჩვენებთ კონკრეტულ მესიჯებს რატომ არ უნდა აშენდეს ნამოხვანჰესი. ნამოხვანჰესის აშენება საფრთხისშემცველია ქუთაისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. იგი გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას და ბევრ უამრავ კატასტროფას’’-ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ მთავრობამ ტენდერი 2015 წელს გამოაცხადა. ტენდერში თურქულმა კომპანია ,,ENKA’’-მ გაიმარჯვა.

კლიმატის ცვლილების კვირეული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის’’ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. კვირეული 21 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.

კლიმატის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წელიწადის  სხვადასხვა დროს აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი აქტივობა ტარდება. კლიმატის კვირეულის აღნიშვნას საფუძველი 2009 წელს ნიუ იორკში დაედო და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წლის სხვადასხვა დროს ყოველწლიურად ტარდება. კვირეულის მიზანს  მსოფლიო საზოგადოების მობილიზება და გაერთიანება საერთო პრობლემასთან – გლობალური კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად წარმოადგენს.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *