ქუთაისში ,,მწვანე თეატრის’’ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მესხიშვილის სახელობის თეატრის ეზოში ღია სცენა დამონტაჟდება და თეატრის მოყვარულები სპექტაკლებს ღია სივრცეში დაესწრებიან. ,,მწვანე თეატრი’’ 10 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ოქტომბრამდე სამი სპექტაკლის პრემიერა შედგება. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე განმარტავს, ,,მწვანე თეატრი’’ მესხიშვილის თეატრის მესამე სივრცედ იქცევა და მასზე, ისევე როგორც თეატრის დიდ და პატარა სცენებზე, სპექტაკლები სისტემატიურად მოეწყობა.
,,საქართველოში პირველად ხდება როცა აკადემიურ თეატრს აქვს თავისი სცენა ღია ცის ქვეშ. მართალია ღია ცის ქვეშ სპექტაკლები აქამდეც ეწყობოდა, მაგრამ ღია სცენა თეატრის ცალკე სივრცედ იქცეს, ეს პირველია. ეს მსახიობებისთვისაც და მაყურებლისთვისაც ახალია, უჩვეულო სივრცეა, რომელიც იმედია გაამართლებს და ქალაქის ორგანულ ნაწილად იქცევა. ,,მწვანე თეატრი’’ სეზონური იქნება, სანამ აცივდება, მანამდე მოვაწყობთ სპექტაკლებს. ზამთარში შევისვენებთ და მარტიდან მუშაობას განვაახლებთ. 1-ლი ნოემბრიდან, იმედი გვაქვს, თეატრის შენობაში მუშაობის საშუალება მოგვეცემა,’’-ამბობს კოტე აბაშიძე.
,,მწვანე თეატრის’’ იდეა პანდემიის პირობებში გაჩნდა, თუმცა როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, როგორ ექციათ მესხიშვილის თეატრის ეზო შემოქმედების ადგილად. კოვიდ 19-ის გავრცელებამ ამ ყველაფერს ხელი თავისით შეუწყო.
10 ოქტომბერს ,,მწვანე თეატრის’’ სცენაზე სპექტაკლის ,,თქვენო უდიდებულესობავ’’ პრემიერა შედგება, რომლის რეჟისორიც კოტე აბაშიძეა. მონო-სპექტაკლში ზვიად სვანაძე ითამაშებს.
სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მაქსიმუმ 120 ადამიანს მიეცემა.