27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო
დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე მესხიშვილის თეატრის სახელით ამ დღეს კოლეგებს, მაყურებელს და საზღვარგარეთ დამეგობრებულ თეატრებს ულოცავს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც კორონავურუსმა გამოიწვია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მთავარი სურვილი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და თეატრებში მაყურებლების დაბრუნებაა.
,,დღეს 27 მარტია. თეატრის საერთაშორისო დღე. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დრო გვიდგას, მე მაინც მინდა მესხიშვილის თეატრის სახელით ეს პროფესიული დღესასწაული, პირველ რიგში, მინდა მივულოცო მის უდიდებულესობა ქართულ თეატრს. ჩვენს დიდ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ყველა ქართულ თეატრს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ერთობას, სულის სიმიხნევეს, აღდგენილ სამუშაო რეჟიმს, განახლებულ რეპეტიციებს, მაყურებლით სავსე დარბაზს და დიდ შემოქმედებით წარმატებებს. მესხიშვილის თეატრი დღევანდელ დღეს ულოცავს ყველა მასთან დამეგობრებულ თეატრს. ჯერჯერობით ევროპის მასშტაბით 6 დამეგობრებული თეატრი გვყავს. მათაც ვუსურვებ დიდ შემოქმედებით წარმატებებს. იმედი გვაქვს ის აქტიური ურთიერთგაცვლითი საგასტროლო პოლიტიკა, რომელმაც შარშან ამდენი სიხარული და ბედნიერება მოუტანა ჩვენი თეატრის მაყურებელს, წელს ისეთივე წარმატებით გაგრძელდება, როგორც ეს 2019 წელს მოხდა. მესხიშვილის თეატრი თეატრის დღეს ულოცავს ევროპული თეატრების გაერთიანების კონვენციას. ეს არის გაერთიანება, რომელიც ევროპის 25 ქვეყნის 50-მდე თეატრს აერთიანებს და რომლის წევრობის პატივიც შარშან გვერგო. ასევე თეატრის საერთაშორისო დღეს მესხიშვილის თეატრი ულოცავს მის უდიდებულესობა ქუთაისს. ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან და უპირველეს მაყურებელს. “- განაცხადა კოტე აბაშიძემ.
თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1961 წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესზე გადაწყდა.