1 დეკემბერს, ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში, თვითნასწავლი
მხატვრის თეონა აბზიანიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა შემოქმედმა ხატვა 3 წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც მძიმე დაავადების შემდგომ აღმოაჩინა, რომ სურდა დაეხატა. მას შემდეგ მან არაერთი კომპოზიცია შექმნა. გამოფენაზე მისი 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენა რეგიონალური ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავლის” და კავკასიური სახლის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის მიზანი ახალგაზრდა მხატვრების და შემოქმედებითი ჯგუფების წახალისებაა, რომლებიც რეგიონებში შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან.
“ჩვენი მიზანია იმ ახალგზრდების საზოგადოებისთვის გაცნობა, რომლებიც დღეს რეგიონებში შემოქმედებითად არიან ჩართულები. ჩვენი მიზანი იყო რომ ხონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით მისი 20 ნახათის ჩარჩოში ცასმა და გამოფენის მოწყობა. ვფიქრობთ, ეს იქნება მისი წახალისება, რათა ხატვა გააგრძელოს და მომავალში სხვა საგამოფენო სივრცეები დაიპყროს”. – აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა მარიკა ვაჭარაძემ.
თეონა აბზიანიძის ნამუშევრების დათვალიერება ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში 3 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.