11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფს ჯრუჭის მონასტერში დააბრუნებენ. ამის შესახებ
რადიო ,,ძველ ქალაქს” იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბარეილეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მონაწილეობას ლაშა ტალახაძეც მიიღებს.
,,საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას.
ჯრუჭის მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. მონასტრის სიწმინდეების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი – სხვადასხვა მუზეუმში განთავსდა.
წმინდა გიორგის ბარელიეფი განადგურებას ისტორიკოსმა მიხეილ გოგატიშვილმა გადაარჩინა და სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში, თავისსავე დაარსებულ მუზეუმში დააბრძანა, ხვალ კი მას მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საჩხერელი ისტორიულ ადგილზე დააბრუნებს.
ჯრუჭის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.” – წერია მოწოდებულ ინფორმაციაში.