,, რა ვიცოდი, რა ვიცოდი მაშინ” – ასე ჰქვა მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნს,
რომელიც მწერალ რეზო ჭეიშვილს ეძღვნება. წიგნი საკმაოდ მოცულობითია და რეზო ჭეიშვილის პიროვნების ფართო საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. პირადი ურთიერთობები, პერსონაჟები, პროტოტიპები მკითხველისათვის ხელშესახები ხდება. წლების მიხედვით, ქრონოლოგიურად მოთხრობილი ამბები მკითხველს აძლევს საშუალებას თავიდან აღმოაჩინოს რეზო ჭეიშვილი.
,,,რეზო ჭეიშვილი გახდა მსოფლიო მასშტაბის მწერალი და მოვალენი ვიყავით ყველა მისი ხსოვნის წინაშე და ქართული ლიტერატურის წინაშე, რომ ეს მწერალი წარმოგვეჩინა. მით უმეტეს მისი ბიოგრაფია ძალიან საგულისხმოა, შეიძლება იყო საინტერესო მწერალი და ბიოგრაფია გქონდეს ცუდი. რეზო ჭეიშვილს საკმაოდ მღელვარე ბიოგრაფია აქვს. მისი დღიურები გამოვიდა. ასეთი ვრცელი დღიურები ქართულ ლიტერატურაში მხოლოდ გალაკტიონ ტაბიძეს აქვს და რეზო ჭეიშვილს. ეს ჟანრი მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში და ბატონმა რეზომ მოახერხა ის, რომ წლების მანძილზე ეწერა და მან მოგვცა ძვირფასი მასალა. რაც მინიშნებებით აქვს, ბევრი რამ ჩემთვის ცნობილია.”- ამბობს როსტომ ჩხეიძე.
პოეტ ემზარ კვიტაიშვილის თქმით, რომ არა როსტომ ჩხეიძის უდიდესი სიყვარული მწერალ რეზო ჭეიშვილის მიმართ, წიგნი არ შედგებოდა. ფიქრობს, რომ აუცილებელია მას კიდევ უფრო მეტი ადამიანი იცნობდეს, როგორც მსოფლიო დონის მწერალს.
,,რეზოზე შემთხვევით არ ითქმის მსოფლიო დონის მწერალი. აკაკი წერეთლის არ იყოს, რეზოს არ სწამდა გარდაცვალების შემდეგ დიდება და ხოტბა. ვინც დავრჩით ცოცხალი უნდა ვთქვათ ვინ იყო რა ნიჭის კაცი იყო. ამ საქმეს დიდი საფუძველი ჩაუყარა როსტომ ჩხეიძემ. ეს უზარმაზარი წიგნი უზარმაზარმა სიყვარულმა დააწერინა, სხვანაირად არ იქნებოდა. არცერთი ცარიელი გვერდი იქ არ არის. ქუთაისიდან უნდა დაიწყოს რეზო ჭეიშვილის ნამდვილი სახის გამოჩენა.”- ამბობს ემზარ კვიტაიშვილი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ავთანდილ ნიკოლეიშვილის თქმით, რეზო ჭეიშვილი სიჩუმით ხმაურობდა. როსტომ ჩხეიძის წიგნი კი კარგი გზამკვლევია მწერლის შემოქმედების შესასწავლად.
ბევრია კარგი მწერალი, მაგრამ დიდი მწერლები თითზე ჩამოსათვლელი არიან. ცოტაა ისეთები, რომელბიც პრობლემებს ახლებურად დაგვანახებენ. ჩვენი დეპარტამენტი ამ დიდი მწერლის, რეზო ჭეიშვილის შესახებ მოკრძალებულად ცდილობდა გამოეხატა დამოკიდებულება. ორი სამაგისტრო ნაშრომია დაცული. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ეს გამოხატავდა სტუდენტების სიყვარულს ბატონი რეზოს მიმართ. ის სიჩუმით ხმაურობდა. ჩუმი იყო, მაგრამ მისი შემოქმედება ხმაურობდა. ეს წიგნი კი მშვენიერი გზამკვლევია რეზოს შემოქმედებაში “.- განაცხადა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.
წიგნით, ,,რა ვიცოდი, რა ვიცოდი მაშინ”, როსტომ ჩხეიძემ რეზო ჭეიშვილთან ერთად მთელი ეპოქის დახატვა შეძლო. მწერალი ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა კიდევ ერთი წიგნი გამოსცეს, რომელიც უშუალოდ რეზო ჭეიშვილისა და მის პირად ურთიერთობებს ასახავს.