მწერალ სიმონ არველაძეს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადაეცა. პრემიის გადაცემის ცერემონიალი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
სიმონ არველაძე იმერეთში, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1959 წლებში მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სკოლაში; 1960–1965წწ-ში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ავტორია წიგნებისა: “პოეზია და თანამედროვეობა”(1966), “ომგადახდილი ვეფხისტყაოსანი”(1967), “იდეალი და შემოქმედების თავისუფლება”(1971), “კრიტიკული ნარკვევები”(1971), “შთაგონება და პოეზია”(1977), “შემოქმედებას სიმართლე უყვარს”(1981), “სიახლის გრძნობა”(1986) და სხვ. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი(1972). დოცენტი(1974). II მსოფლიო ომის მონაწილე.
ასევე არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე და საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება. პრემია გაიცემა 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში 2018 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით დაარსდა.