ქუთაისში კერამიკული პანო “კოლხეთი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდება.
ის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მოხდება პანოს სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებებისა და კატეგორიის განსაზღვრა. დასკვნა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 6 თვის ვადაში უნდა ჰქონდეს.
“ეს ისეა ქუთაისისთვის, როგორც პირამიდები ეგვიპტისათვის. ეს საქართველოს პანო “კოლხეთია”. საქართველოს თილისმაა. ძალიან მიხარია. ეს მხოლოდ მე კი არა მთელს ერს უნდა უხაროდეს. არავინ იცის რამხელა შრომაა ამაში ჩადებული. იყო ამის გადატანასა და დანგრევაზე საუბარი. ამის დანგრევა ხომ ბარბაროსობა იქნებოდა.”- განაცხადა პანოს ავტორის, მხატვარი-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძის მეუღლემ სვეტა ნებიერიძემ.
პანო “კოლხეთი” კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 19 აპრილის ბრძანების საფუძველზე შეიტანეს.
,,კოლხეთი ” საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის სიდიდით ყველაზე დიდი პანოა (217კვადრატული). მასზე ასახულია ოთხი პერიოდის კომპოზიცია: საქართველო ჩვ.წთ.მდე, ჩვ.წთ. შემდეგ, დღეს და მომავალში. მათ შორისაა ხახულის ძეგლი, ქართული ოჯახი, ბოროტთა ბრძოლა, განიარაღება და სხვ.