თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას ქუთაისი მასპინძლობს.
“არტისტერიუმი” დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გაიხსნა. ფესტივალი 11 წელი თბილისში ტარდებოდა. 2019 წლიდან კი მას რეგიონები უმასპინძლებს. როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, რეგიონებში გასვლის იდეა კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას ემსახურება.
“დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეა, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი ქართულ მოდერნიზმსა და თანამედროვე ხელოვნებაზე ქუთაისში გაკეთდეს. ქუთაისმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში კულტურის ჩამოყალიბებაში,”-განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაგდა გურულმა.
რაც შეეხება ფესტივალის სახელწოდებას, როგორც გურული ამბობს, “არტისტერიუმი” ეს არის კლუბის სახელწოდება, რომელიც არსებობდა 10-იან წლებში თბილისში.
“კლუბში იმართებოდა ავანგარდისტული გამოფენები, ამ სათაურით გვინდოდა, თანამედროვე ქართული ხელოვნება დაგვეკავშირებინა მის ფესვებთან,”-ამბობს გურული.
გამოფენაზე 45 მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში 2019 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.