ქართული კინოს ფორუმი ქუთაისში დღეს დასრულდა. ფილმების ჩვენება დოკუმენტური
ფილმით “სანამ მამა დაბრუნდება” დაიხურა.
“ვაჩვენეთ 5 სრულმეტრაჟიანი და 12 მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმები. მიხარია, რომ კინომოყვარულებს ამ ფილმების ნახვის საშუალება ჰქონდათ. კინოს ფორუმი ძალიან ნაყოფიერი იყო. როცა ნაწარმოები იქმნება, ის კინომცოდნემ უნდა შეაფასოს, უნდა მისცეს გარკვეული რჩევა ან რეკომენდაცია რეჟისორს, რათა მან შესძლოს განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კინო ფორუმი. ეს იყო დისკუსია შემოქმედსა და კინკინომცოდნეს შორის. ქუთაისმა ღირსეული მასპინძლობა გაგვიწია. ქუთაისში სამი დღის განმავლობაში დიდი კინო დაბრუნდა,”-განაცხადა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონალური პროექტების მენეჯერმა თეა გაბიძაშვილმა.
კინოფორუმი 16 ნოემბერს ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის “ჰარი-ჰარალე დედაო!”-ს ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.
ქართული კინოს ფორუმი ქართული კინოს 110 წლისთავს ეძღვნება.