გელათური გულანს საგამოფენო სივრცეში
პირველად გამოიტანენ. გულანი ორიგინალური ქართული საეკლესიო კრებულია და არცერთ სხვა ეკლესიას არ აქვს. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი იწყებს პროექტს – “კვირის ექსპონატი”. პირველად საგამოფენო სივრცეში გამოტანილი იქნება გელათური გულანი (K-596 – 1541წ.).
მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები – სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, საგალობლები, მარხვანი და ზატიკი. საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსარი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხები და სხვა.
ჩვენამდე მოღწეულია გელათის, დავითგარეჯის, მცხეთის, ალავერდის, კაცხის, მარტვილის, შემოქმედის, ბედიის და სხვა ეკლესია-მონასტრების გულანები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, გულანი ,,გულთსანდომად შეკრებული წიგნია”.
გელათური გულანი დაცულია ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა კოლექციების განყოფილებაში.