ქუთაისში დაანონსებული კინოფესტივალის
ჩატარებასთან დაკავშირებით დავა ისევ გრძელდება. კაფე-კინო “ბრაზერსის” მეპატრონე ლევან ჭავჭანიძე ღია წერილით ქუთაისის მერს პროექტის შეჩერებას სთხოვს. ამავდროულად ის ეროვნულ კინოცენტრს მიმართავს, რადგან ფესტივალის დაარსების დაანონსება ეროვნული კინოცენტრის ღონისძიების ფარგლებშია დაგეგმილი.
“მივმართავ ფესტივალში შესაძლო მონაწილე პირებს და საქართველოს კინო ცენტრს !თქვენ თქვენი მონაწილეობით ამ ფესტივალში ამ ყველაფრის მონაწილე და ერთგვარი თანამზრახველი ხდებით ამ ქურდიბისა .. ამიტომ უარი თქვით მასში მონაწილეიბაზე და დადექით კანონიერების სხვისი უფლებების დაცვის სადარაჯოზე.”- აცხადებს ლევან ჭავჭანიძე.
რადიო “ძველი ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის რეგიონული დეპარტამენტის უფროსს კოტე ჩლაიძეს ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, კინოცენტრი ზოგადად ფესტივალის ჩატარების იდეას მიესალმება, რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მბობს: “ჩვენი პოზიცია ისაა, რომ კარგია კინოფესტივალს თუ ვინმე ჩაატარებს. ვინ ჩაატარებს და როგორ გადაწყდება მათ შორის დავა არ ვიცი. იქნებ შეთანხმდნენ და ერთად ჩაატარონ. “- ამბობს კოტე ჩლაიძე.
მისივე თქმით, კინოცენტრი მხოლოდ ქართული კინოს ფორუმის ორგანიზატორია, ფესტივალის ჩატარების იდეა, ფესტივალის მხარდამჭერთან ურთიერთობის დროს გაჩნდა.
“ჩვენ ვატარებთ ღონისძიებას, ჩვენს ღონისძიებას, რომელიც არის ქართული კინოს ფორუმი. ჩვენ ვკითხავთ მერიას კიდევ აპირებენ თუ არა ფესტივალის გამართვის დაანონსებას. ჩვენ არ ვაანონსებდით ამ პროექტს. რადგანაც ქუთაისის მერია არის ჩვენი მხარდამჭერი, რისთვისაც მადლობა მათ, გაჩნდა იდეა, რომ ბარემ დაანონსებულიყო მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ვინ და როგორ ატარებს არ ვიცით. ახლა შეიძლება მერიამ შეცვალოს და აღარ დააანონსოს. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის.”- აცხადებს კოტე ჩლაიძე.
კინოცენტრში ამბობენ, რომ თუ ფესტივალის ჩატარება გადაწყდება, ვინც არ უნდა იყოს ორგანიზატორი მხარს მაქსიმალურად დაუჭერენ.
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.
წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს.