თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა
და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ნინო ჩაჩუა ქუთაისში ვერდის “რიგოლეტოში” ჯილდას როლს შეასრულებს. საოპერო მომღერალს ეს როლი თბილისში არაერთხელ აქვს შესრულებული. როგორც ნინო ჩაჩუა ამბობს, ბოლოს ეს როლი 9-10 წლის წინ შეასრულა.
“გალა კონცერტებზე ვიყავი მოწვეული ქუთაისში. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდიოდი. ეს როლი თბილისის ოპერის თეატრში საკმაოდ ბევრჯერ მაქვს ნამღერი. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ალბათ 9-10 წლიანი პაუზაა. მოხდა ისე, რომ ბატონმა რეზო ჯავახიშვილმა მომიწვია, რისთვისაც დიდი მადლობა მას. შეიძლება ითქვას, რომ ეს პარტია ეს პარტია ექსპრომტად გავიხსენე. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს კოლეგებს”- ამბობს ნინო ჩაჩუა.
რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე “რიგოლეტოს” მესამე წარმოდგენის ოპერის მოყვარულებისგან შეფასებას განსაკუთრებით ელოდება.
” როდესაც პრემიერაა, ეს ყოველთვის ემოციაზე აგებული სპექტაკლია .მერე ხდება გაანალიზება და მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე იყოს ძალიან კარგი, გამართული. ოპერაში მიღებული წესია, რომ ერთი და იგივე დადგმაა და მონაწილეობენ სხვადასხვა მომღერლები. მაყურებელი მომღერლის სანახავად მოდის ოპერაში, ასე ხდება. საპრემიერო დადგმის შემდეგ გვყავდა მოწვეული გოჩა აბულაძე და მარიკა მაჩიტიძე. ახლა ბათუმის თეატრის სოლისტი ბაჩო ნაკაშიძე და თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ნინო ჩაჩუა იმღერებენ”- ამბობს მაია გაჩეჩლაძე.
“რიგოლეტოს” პრემიერა გასულ წელს 27 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის დადგმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.