ჯორჯ ბალანჩინის II საერთაშორისო
ქორეოგრაფიულ ფესტივალს გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” გახსნის.
“თბილისის თანამედროვე ბალეტი” პირველი თანამედროვე ბალეტის კამერული დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თბილისის ახალგაზრდული თანამედროვე ნოვატორული დასი გახსნის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალს,”-განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ნატალი პატარიძემ.
2016 წელს თბილისის მერიამ თანამედროვე ბალეტის კამერული დასი, “თბილისის თანამედროვე ბალეტი” დააფუძნა, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა.
ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი 2-4 ნოემბრის ჩათვლით ქუთაისში ჩატარდება. ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ფესტივალის ჟიურიში იქნება.
ქორეოგრაფიული ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა ქუთაისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში. სპეციალური სტუმრები იყვნენ მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე და გაეროს წარმომადგენელი ახალგაზრდულ საკითხებში ანა ლეჟავა.
ფესტივალი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.