17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი დიდ თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს,

რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი თეატრები. თეატრალურ კვირეულს მისი მასპინძელი – ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის სპექტაკლით „რევიზორი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე), რომელიც თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის 2016 წლის გამოკითხვის რეიტინგით სამ ნომინაციის გამარჯვებულია. მესხიშვილის თეატრი უკვე რამდენიმე წელია, რაც სლოგანით „თეატრი მოდაშია“ აქტიურად ეწევა თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას ჩვენს ქალაქში.

 

კვირეულის გახსნაზე, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის მუზეუმში დაცული თეატრალური ესკიზების, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა, რომელშიც ასახული იქნება თავად თეატრის ისტორია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვების მიერ  სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები.

კვირეულის პროგრამა დღეების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება:

18 აპრილი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – „უსახელო ვარკსვლავი“

19 აპრილი – მოძრაობის თეატრი – „პარფიუმერი“

21 აპრილი – ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი –

„მკვდარი ქალაქები“

23 აპრილი – მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი – „მეფე ლირი“

თეატრალური კვირეულის ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მერიაა, რომელმაც გასულ წლებში უკვე გაუკეთა ორგანიზება მსგავს კვირეულებს, კერძოდ, 2013 წელს ქუთაისმა უმასპინძლა ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, ხოლო 2014 წელს  „შექსპირიადას“ – შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს.

მსგავსი ხასიათის კვირეულები ხელს უწყობს, როგორც თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას ქუთაისში, ასევე საქართველოს ქალაქებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას. კვირეული ერთგვარად საგანმანათლებლო ხასიათის მატარებელიც იქნება, რადგან მასზე დასასწრებად ძირითადად სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულნი.

სპექტაკლბი 19 საათზე დაიწყება.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *