13 აპრილი – რიგოლეტოს მეორედ წარდგენა
ქუთაისელი მსმენელის წინაშე. დასის შემადგენლობამ ყურადღება აფიშის გამოჩენისთანავე მიპყრო. სპექტაკლში მონაწილეობა ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონმა გოჩა აბულაძემ (რიგოლეტო), თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტმა მარიკა მაჩიტიძემ (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანმა აკაკი იოსელიანი (სპარაფუჩილე), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტებმა: ბადრი ადამიამ (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძემ (მადალენა), ინგა ფუტკარაძემ (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილმა(გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზიამ (მარულო), იაგო ბუხრიკიძემ (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძემ (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძემ (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძემ (პაჟი),ბელა მაჭავარიანიმა (მასხარა) მიიღეს.
(სიუჟეტი “რიგოლეტოს” მეორედ წარდგენის შესახებ)
რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე ამბობდა, რომ ამ წარდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ პრემიერა დასმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ითამაშა. შესაბამისად, “რიგოლეტო” განახლებული შემადგენლობით საპრემიერო ჩვენებაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
13 აპრილი, 18 საათი (ცოტა მეტი). ქუთაისის ოპერის თეატრი
მუსიკათმცოდნე ქეთევან მამუკელაშვილი ამბობს, რომ “რიგოლეტოს” დადგმა ქუთაისში, თავად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. “ქუთაისის ოპერის თეატრი ყოველთვის იყო ცნობილი იმით, რომ ის იყო პირველი შემსულებელი ქართული ოპერების. თუმცა, აქ იდგმებოდა მსოფლიო საოპერო კლასიკის შედევრები. “რიგოლეტოს” დადგმა კი არის ძალიან დიდი მოვლენა. განსაკუთრებულობა კი იმაშია, რომ მასში ჩვენი თანაქალაქელები, ახალგაზრდა სოლისტები იღებენ მონაწილეობას. შესანიშნავი ტანდემია სცენაზე. არაჩვეულებრივი მარიკა მაჩიტიძე, ასევე შესანიშნავი გოჩა აბულაძე, რომელსაც წლების შემდეგ პირველად ვუსმენ. ჩემთვის მარიკასთან შეხვედრა ყოველთვის ახალ აღმოჩენებთან ასოცირდება. პირველად მოვისმინე “რიგოლეტოში”. ბადრი ადამიას ძალიან საპასუხისმგებლო პარტია ჰქონდა, თუმცა თავი გაართვა და ყველას ვულოცავ”,- განაცხადა ქეთევან მამუკელაშვილმა.
ნუცა ზაქაიძე, ბადრი ადამია, მარიკა მაჩიტიძე, გოჩა აბულაძე ( ნაწყვეტი სპექტაკლიდან)
“ვამაყობ, რომ ქუთაისელი მომღერლები ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ მსოფლიოში. გოჩა აბულაძეს ბავშვობიდან ვიცნობთ, ძალიან კარგი მსახიობია. სპექტაკლის პირველ ნაწილში ხომ კარგი იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ უკეთესი. მარიკა მაჩიტიძე ჩვენი კურსდამთავრებულია, ვამაყობ. ქუთაისის ოპერის თეატრში რომ იდგემება “რიგოლეტო” ეს ძალიან დიდი შენაძენია და ამ ტილოს თავი შესანიშნავად გაართვეს”,- ასე შეაფასა სპექტაკლი და მსახიობები ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის რექტორმა რუსუდან ლორთქიფანიძემ.
მარიკა მაჩიტიძე, გოჩა აბულაძე
“რიგოლეტოს” როლში გოჩა აბულაძის გამოჩენას ქუთაისის ოპერის სეცნაზე მსმენელი განსაკუთრებით ელოდა. ახალგაზრდა ბარიტონი, როგორც დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, ოპერის სიყვარულით ქუთაისში მოიწამლა. ძმასთან, უჩა აბულაძესთან ერთად სასწავლებლად ჯერ დედაქალაქში გადავიდა, შემდეგ კი მოღვაწეობა ევროპაში განაგრძო. “რიგოლეტოს” როლით სპექტაკლში ქუთაისში პირველად ითამაშა, კარიერაში კი მესამედ.
მსახიობებთან ერთად, რათქმაუდა, მსმენელის ოვაცია ორკესტრმა და დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა დაიმსახურა.
“ყველას ვულოცავ ამ დრეს, მაგრამ განსაკუთრებით ბატონ რევაზ ჯავახიშვილს, რომელსაც საკმაოდ რთული ამოაცანა აქვს. ორკესტრი ოპერის თეატრისთვის ყოველთვის იყო აქილევსის ქუსლი, არ შეიძლება ეს რომ არ ვთქვა, მითუმეტეს ასეთ რთულ ოპერაში. ვულოცავ ბატონ რეზოს, რომ ეს ჯეროვნად უწევს თანხლებას ამ სოლისტების შესანიშავ შემადგენლობას.”- განცხადა მუსიკათმცოდნე ქეთევან მამუკელაშვილმა.
“რიგოლეტოს” მეორე წარდგენით კმაყოფილია რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე. “დღეს მართლაც დღესასწაული იყო. ჩემთვის ბავშვებმა და პროფესიონალმა მსახიობებმა სასწაული მოახდინეს სცენაზე. ძალიან დიდი იმედი მქონდა მარიკას, გოჩას, აკაკის, ბადრის, ნუცას – ვინც მთავარ როლებს თამაშობდა. აღფრთოვანებული ვარ იაგო ბუხრიკიძის დრევანდელი გამოსვლით. ტყუილად არ ჩაუვლია ჩვენს სულისკვეთებას,” – განაცხადა მაია გაჩეჩილაძემ.
“ძალიან კარგი სპექტაკლი შედგა დღეს ჩვენს თეატრში. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ მთავარი პარტიების შემსრულებლები არიან ჩვენი თანაქალაქელები, რომლებიც სხვადასხვა საოპერო სცენებზე მოღვაწეობენ. ვფიქრობ, ასეთი დღესასწაულები ძალიანხშირად უნდა ტარდებოდეს”,- აღნიშნა რევაზ ჯავახიშვილმა.
“რიგოლეტომ” ანშლაგით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით ჩაიარა. სპექტაკლის დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
რევაზ ჯავახიშვილი ოპერის მოყვარულებს არაერთ სიახლეს უმზადებს. მიმდინარე სეზონზე ქუთაისის ოპერის თეატრში პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსებას” აღადგენენ.