ქუთაისის ოპერის თეატრში “რიგოლეტო”
მეორედ წარადგინეს. ამჯერად განსხვავებული შემადგენლობით. სპექტაკლში მონაწილეობა ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძემ (რიგოლეტო), თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძემ (ჯილდა), იტალიაში მოღვაწე ბანი აკაკი იოსელიანმა (სპარაფუჩილე).
სპექტაკლში მოწვეულ საოპერო მომღერლებთან ერთად და ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტებმა: ბადრი ადამიამ (მანტუას ჰერცოგი), ნინო ზაქაიძემ (მადალენა), ინგა ფუტკარაძემ (ჯოვანა), ბაკურ კვირიკაშვილმა(გრაფი მონტერონე), ემილ ჩარგაზიამ (მარულო), იაგო ბუხრიკიძემ (ბორსა), გიორგი ხაჭაპურიძემ (გრაფი ჩეპრანო), ფერიდე ჯინჯიხაძემ (გრაფინია ჩეპრანო), მარიეტა მაჩალაძემ (პაჟი),ბელა მაჭავარიანიმა (მასხარა) მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის პრემიერა გასული წლის დეკემბერში გაიმართა, მოლოდინი მეორე წარმოდგენისა არანაკლებ დიდი იყო. სპექტაკლის დღემდე ყველა ბილეთი გაიყიდა. “რიგოლეტომ” სრული ანშლაგით ჩაიარა.
“გუშინ ქუთაისის საოპერო თეატრში ვერდის “რიგოლეტოს” დავესწარი. (დავესწარი რაა… ფეხზე ვიდექი, გადაჭედილი იყო პარტერიც და ლოჟებიც). სასწაული დაატრიალეს ახალგაზრდა ვოკალისტებმა, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ვარსკვლავებმა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღიარებულმა სოლისტებმა და რაც მთავარია წარმოშობით ქუთაისელებმა მარიკა მაჩიტიძე (ჯილდა) და გოჩა აბულაძე(რიგოლეტო). ბრავო!
სამწუხაროდ ჩემი მუსიკალური “განსწავლულობა” არ მაძლევს იმის საშუალებას ზუსტად აღვწერო რა მოხდა იქ, მაგრამ რაღაც სასწაული რომ მოხდა მივხვდი.
ბრავო გოჩა და მარიკა! “- წერს სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.
“მადლობა ვერდის ოპერა “რიგოლეტოს” ყველა მონაწილეს, გუნდს, ორკესტრს, ქორეოგრაფიულ დასს, სოლისტებს, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილს, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძეს, ქორმაისტერს ნათია გოგუაძეს და განსაკუთრებით ქუთაისის მკვიდრს, გოჩა აბულაძეს სპექტაკლის წარმატებისთვის” – წერს მედეა კობახიძე.
განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ბარიტონ გოჩა აბულაძის დედის შეფასება. “8 წელი ველოდი ამ დღეს,როცა ჩემი გოჩა-,,რიგოლეტო”,თავის საყვარელ ქუთაისში, მის თანაქალაქელებს უმღერებდა”- ამბობს ნაირა არაბიძე და სპექტაკლზე მისულ მაყურებელს მადლობას უხდის.