“რაც მზის წინ იყო”- ქუთაისის ილია ჭავჭავაძის
სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულის ავტორი ნანა გასვიანია, რომლის შემოქმედება გამომცემლობა “ინტელექტმა” გააერთიანა და წიგნად გამოსცა.
ნანა გასვიანის თქმით, რეგიონში მცხოვრები ავტორისათვის განსაკუთრებით სასიხარულო ფაქტია, როდესაც წიგს დედაქალაქში ცნობილი გამომცემლობა ბეჭდავს. მისივე განმარტებით, კრებული სხვადასხვა დროს შექმნილ ლექსებს აერთიანებს.
“წიგნი ეკლექტური გამოვიდა, რასაც თავისი პლიუსებიც აქვს. კრებული მრავაფეროვანია და აქ წარმოდგენილია სტილისტურად განსხვავებული ლექსები,”-განაცხადა გასვიანმა.
გამომცემლობა ინტელექტის მთავარი რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას თქმით, “ინტელექტის” პრიორიტეტი ხარისხიანი თანამედროვე ლიტერატურის გამოცემაა.
“მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე ბევრი ვისაუბროთ, ცხელ კვალზევე გამოვცეთ და შევაფასოთ. ვთვლი, რომ ქართველი პოეტები და პროზაიკოსები ქმნიან ღირებულ ლიტერატურას,”-განაცხადა კვარაცხელიამ.
ნანა გასვიანის შემოქმედება კოლეგებმაც შეაფასეს. მწერალ გიზო თავაძის თქმით, ის ავტორის პოეზიას ეტაპობრივად ეცნობოდა. როგორც თავაძე აცხადებს, გასვიანი იმ პოეტების რიგებს მიეკუთვნება, რომელთაც დღეს საქართველოში მძიმე წონა აქვთ.
“რაც მზის წინ იყო” ნანა გასვიანის მეორე პერსონალური კრებულია.