ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2017” დასრულდა.
გუშინ გამარჯვებულები გამოავლინეს. ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის სახალხო თეატრის სპექტაკლი “შერეკილები” აღიარეს, რომლის რეჟისორია გიორგი მეტონიძე.
ფესტივალზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა ვასაძე, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ “რეზონანსის” კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე. ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14-მა სახელმწიფო პროფესიულმა და სახალხო თეატრმა მიიღო მონაწილეობა.
საჩხერის თეატრი სპექტაკლის “შერეკილები” პრემიერას მშობლიურ ქალაქში თვის ბოლოს გეგმავს. პრემიერას ცნობილი კინომცოდნეები დაესწრებიან.