ქუთაისის “პანტომიმის თეატრი”
საკუთარ თავს თავად პატრონობს. ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ იმით ეხმარება, რომ სხვადასხვა ღონისძიებებში სვამს და მათთვის სპექტაკლების გასამართავად დარბაზის გამოყოფას უზრუნველყოფს. “პანტომიმის თეატრი” დროებით “ოპერის თეატრმა” შეიკედლა. მსახიობები საოპერო სპექტაკლებშიც აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სურვილი აქვთ თეატრს საკუთარი შენობა ჰქონდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარებს. იდეის დონეზე თეატრის ადგილსამყოფელად ქუთაისში “მწერალთა სახლის შენობა” განიხილება.
“ჩვენი დიდი სურვილიცაა, რომ მათ ცალკე ჰქონდეთ შენობა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ ხერხდება ფართის მოძებნა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დიდი სურვილია, რომ ამ თეატრს შევუწყოთ ხელი. არის ფართის რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, მწერალთა კავშირის შენობა, რომელიც უკვე კერძო მფლობელობაშია გადასული. იქ შეიძლება მოხდეს დაშენება და რამდენიმე ორგანიზაცია განაწილდეს და მათ შორის პანტომიმის თეატრიც. თუმცა ჯერ ვარაუდისა და იდეის დონეზეა ეს საკითხი”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა.
ქუთაისის პანტომიმის თეატრმა წელს სეზონი დახურა. მომავალ წელს 10 წლის იუბილე აქვთ. გამორიცხული არაა, საიუბილეო თარიღს თეატრი საკუთარ შენობაში შეხვდეს.