“უბელო რაშები” – ენდი ნემსიწვერიძის წიგნის პრეზენტაციას
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას ენდის შემოქმედების მოყვარულები, მისი მოსწავლები, მასწავლებლები, მეგობრები დაესწრნენ. ენდი ნემსიწვერიძე ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორია.
“ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. მე ლექსებს ვწერ ბავშვობიდან და არასოდეს არ ვამჟღავნებდი. რამდენჯერმე სოციალურ ქსელში განვათავსე, ნახეს, მოიწონეს და მითხრეს მეგობრებმა, რომ ეს აუცილებლად წიგნად უნდა გამოცემულიყო”, – ამბობს ენდი ნემსიწვერიძე.
ავტორს წიგნის გამოცემაში მისი მოსწავლე, ქალაქის მერი, შოთა მურღულია დაეხმარა. მოსწავლემ მასწავლებელს 50 წლის იუბილის აღსანიშნად წიგნი აჩუქა. “უბელო რაშების” რედაქტორი მწერალი ელგუჯა თავბერიძეა.
ავტორი ამბობს, რომ უბელო რაშები თავისუფლების სიმბოლოა და სწორედა ამიტომ აირჩია ის წიგნის სათაურად. “სულით თავისუფლების მოყვარე ვარ და უბელო რაშები დავარქვი წიგნს, ამავე სათაურის ლექსიც მაქვს. უბელო რაში თავისუფლების სიმბოლო”,- ამბობს ენდი ნემსიწვერიძე.
წიგნის პრეზენტაცია ავტორმა მეუღლისადმი მიძღვნილი ლექსით დაასრულა, რომელიც ასე ჟღერს:
“დღეიდან სიგარეტს არ მოვწევ,
ლექსებსაც არ დავწერ დღეიდან,
ვთანხმდები შენს თხოვნას გამომწვევს,
ჩამოვალ მიწაზე ზეციდან.
მოვუკლებ ღვინის სმას მარანში,
მივხედავ საქმეებს ოჯახურს,
დავიწყებ სიარულს ბაზარში,
მოგიტან მწვანილს და კოწახურს.
გაგიყოფ ჯამაგირს შუაზე.
გიამბობ დღის ამბებს წვრილ-წვრილად.
გავივლი სულ მთლად შენს ჭკუაზე,
ადრე რომ მიმაჩნდა სირცხვილად.
გამდინდა ამ ძილში ოფლი და
მე მაინც ვერ მივხვდი რა ხდება,
სიზმარშიც რა ძნელი ყოფილა,
მაგ შენი ოცნების ახდენა.
აუდიტორიამ “უბელო რაშების” ავტორი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.