27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით ქუთაისში
ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2017” გაიმართება. წელს ფესტივალზე თეატრის მოყვარულებს სიახლეები დახვდებათ. “თეატრალურ იმერეთს” საინგილოდან ეწვევიან.
“ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს. ფესტივალი გადაკეთდა საერთაშორისოდ და საერთაშორისო ჩარჩოში ჩაჯდა საინგილო. მათი სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა” ფესტივალი 14 ივნისს დაიხურება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სოხუმის დევნილი თეატრი, მოწვეული გვყავს მარჯანიშვილის თეატრი, ყველა რეგიონის თეატრი მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ, წლევანდელი ფესტივალი სასიხარულო ნაბიჯი იქნება ქუთაისისა და იმერეთისთვის. “, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ფესტივალის “თეატრალური იმერეთი ორგანიზატორმა, დამფუძნებელმა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ.
წელს ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებაა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ფესტივალის მრჩეველი იქნება, ფესტივალში მონაწილეებს კინომცოდნე ლელა ოჩიაური და თეატრმცონე მაკა ვასაძე შეაფასებენ, ჟიურის თავმჯდომარე თეატრალური კრიტიკოსი და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე უხელმძღვანელებს.
იმერეთის რეგიონში “თეატრალური იმერეთი” უკვე მერვედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.