ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება.
ქუთაისის მერიამ ძეგლის განთავსებისთვის საუკეთესო ესკიზური პროექტის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ძეგლი რუსთაველის გამზირზე უნდა განთავსდეს. საკონკურსო პირობების თანახმად, ძეგლის ადგილი რუსთაველის გამზირზე შეირჩევა კონკურსში გამაჯვებულის გამოვლენის შემდეგ. ძეგლის სიმაღლე კი უნდა იყოს არანაკლებ ადამიანის სიმაღლისა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას მერიის თანამშრომლების გარდა.
შეიქმნა ასევე დროებით კომისია, რომელიც კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს. კომისიას ქალაქის მერი შოთა მურღულია უხელმძღვანელებს. მისი მოადგლილე კი კონსტანტინე ქავთარაძე იქნება. კომისიის შემადგენლობაში არიან მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი, მერის მრჩველი ოთარ ჩიხლაძე, საკრებულოს დეპუტატები გია ქობალიანი და რობინზონ წინწკალაძე, არქიტექტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზაზა ჩხიკვაძე.
კონკურსი 2017 წლის 1 თებერვლიდან გამოცხადდება და საკონკურსო განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 მარტს 18 საათამდე. კონკურსის გამარჯვებული სავარაუდოდ 20 მარტამდე უნდა გამოვლინდეს.
დეტალური ინფორმაციის ნახვა კონკურსის შესახებ შესაძლებელია ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე.