ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე
მოქანდაკე გიორგი ნიკოლაძის მემორიალური დაფა განთავსდება. თბილისის ქუჩის N79 ნომერში არსებული სახლის ფასადზე მემორიალური დაფის განსათავსებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 659 ლარია. წინადადებების მიღება 11 თებერვალს იწყება და 16 თებერვალს მთავრდება.
ცნობილი მოქანდაკე 1923 წლის 19 აპრილს, ქუთაისში დაიბადა. გოგილო ნიკოლაძის ძირითადი ნამუშევრებია: “ახალგაზრდა მაიაკოვსკი (ქუთაისის პირველი სკოლის სკვერი, ბრინჯაო; თანაავტორი ვალერიან მიზანდარი), ვასილ კიკვიძის ძეგლი (ქუთაისი, თანაავტორი ვალერიან მიზანდარი), ვასილ ამაშუკელის მემორიალი (ქუთაისი, 1962), სამამულო ომის მემორიალი (ქ. ნაზივაევსკი) და სხვ. მასვე ეკუთვნის გამოჩენილ პირთა შესანიშნავი პორტრეტები: აკაკი (1996), ლადო მესხიშვილი (1985), დავით კლდიაშვილი (1995), აკაკი, ილია, რუსთაველი (ყველა – ეკლარის ქვა, 1992), პეტრე ჭაბუკიანი (1970), ლოტბარი სიმონ კუხიანიძე (1979), მსახიობი კაპია აბესაძე (1979)… გამორჩეულია “მეუღლის პორტრეტი” (1979), “მამის პორტრეტი” (1970), “გაზაფხული” (1979) და სხვ.