ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ომიკრონის ტალღამ დაღმასვლა დაიწყო.
მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისიდან ექნებათ საშუალება შეაფასონ, გადაიარა თუ არა პიკმა.
„დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით 6000 კოვიდინფიცირებული მკურნალობს და და ჰოჰპიტალური სექტორი ამ ნაკადს კარგად მართავს.
,,ამ ტალღის პირობებში ბევრად უფრო ნაკლები პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ვიდრე ეს იყო მანამდე, რაც „ომიკრონის“ თვისებებით არის განპირობებული. ეს შტამი კვლავაც საყურადღებო რჩება ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე, ხანდაზმულებისთვის, ამდენად მათთვის ისევ მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ოჯახის ექიმის ყურადღება. ოჯახის ექიმების ქსელიც კვლავაც რჩება მობილიზებული,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 24 110, ხოლო გარდაიცვალა 55 ადამიანი.