ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდ.ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ მძიმე ნაბიჯებით.
რაც შეეხება გარდაცლილთა რაოდენობას, დევი ტაბიძის თქმით, ეს მონაცემი უცვლელია. ვითარების დასტაბილურება, დევი ტაბიძის ვარაუდით, მარტის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი.
,,მაშინ, როდესაც ჩვენი ინფიცირებულთა რაოდენობა 7-10 ათასის ფარგლებს არ ასცდება და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა, დაახლოებით, 20-25 ერთეულზე, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი დინამიკა ნამდვილად დადებითია. ჩვენ ამას ველოდებით, დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებისთვის,’’-აცხადებს დევი ტაბიძე.
ის ასევე გამოდის რეკომენდაციით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები შედარებით ადრე დაიწყოს.
„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“,-განაცხადა დევი ტაბიძემ.
16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 496, ხოლო გარდაიცვალა — 14 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 14 802, PCR-ით — 5 747.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3,6%, ბოლო 7 დღის 2,4%, ბოლო 14 დღის კი 2,9%.