პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის” მსგავსია.
მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე.
„თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის „ომიკრონის“ მსგავსია – არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“, -ამბობს ივანე ჩხაიძე.
გარდა ამისა, მან ვირუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე და არა კორონავირუსზე მოდის.
„რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.