ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდის საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საპატრიარქოს განცხადება კოვიდ საწინააღმდეგო აცრასთან დაკავშირებით გონივრულია. მინისტრი ამბობს, ის რომ საპატრიარქო არ ზღუდავს ვაქცინაციას, მათთვის დიდი მხარდაჭერაა. მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს თვეებში საპატრიარქო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოწოდებასაც გააკეთებს.
„ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები. რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გუშინ, 28 ნოემბერს განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა“ და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ.
ამასთანავე, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია სავალდებულო ვაქცინაციას მხარს არ დაუჭერს.
“შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია. კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.