უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება.
თეატრებსა და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირების განახლება, 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო.
გარდა ამისა, სარიტუალო ღონისძიებების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე მოქმედი შეზღუდვა ღია სივრცეებზეც გავრცელდება, კერძოდ, 10 სექტემბრიდან, ე.წ. სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ, სრულად აიკრძალება.
ასევე, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, აღნიშნული რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო პროცესსა და აგიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
ამასთან, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების შესახებ.