რადიო “ძველმა ქალაქმა” ჯანდაცვის სამინისტროდან საქართველოში ინსულტის დიაგნოზით სტაციონარში პაციენტთა
მოთავსების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის გასულ 3 თვეში სტაციონარში 1 762 პაციენტი მოხვდა, გარდაიცვალა 325.
რაც შეეხება გასულ 2018 წელს, ინსულტის დიაგნოზით ჰოსპიტალიზება 12 640 მოქალაქეს დასჭირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა 2 122-ს მიაღწია.
2017 წელს კი ინსულტის დიაგნოზით 11 844 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მათგან სტაციონარში 2 276 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი საქართველო”-ს წევრმა გოგი წულაიამ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებებითა და ინსულტით ადამიანების გარდაცვალების რაოდენობის ზრდაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. ოპოზიციის წევრმა ხელისუფლება და ჯანდაცვის სამინისტრო უმოქმედობაში დაადანაშაულა.
“ნორმალურ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერი უკვე გადამდგარი იქნებოდა. ხელისუფლება ქართველი ერის გენოციდის ჩამტარებლად იქცა. ჯანდაცვის სამინისტრომ მისი საქმიანობა ბიზნესად აქცია,”-აცხადებდა წულაია.
მთავარი ფოტო: ინტერნეტ სივრცე