საქართველოში შინამეურნეობათა კვლევა იწყება.
აღნიშნული კვლევა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში, შემოწმდება სასმელი წყლის ხარისხი, შეისწავლიან ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას.
კვლევის განხორცილებას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად 20 სექტემბრიდან დაიწყებს. სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს 10 რეგიონში 14 000-ზე მეტ ოჯახში მივლენ.
ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2-7 წლის ასაკის დაახლოებით 1500 ბავშვს ვენიდან სისხლს აუღებენ. ნიმუშები შესამოწმებლად იტალიაში გაიგზავნება. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს. ასევე, გაიზომება ბავშვების წონა და სიმაღლე.
რაც შეეხება სასმელ წყალს, ის ნაწლავის ჩხირზე შემოწმდება და როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი მიქელაძე აცხადებს, დადგინდება ვარგისია თუ არა სასმელი წყალი საქართველოში.
კვლევის შედეგები 2019 წლიდან ეტაპობრივად გახდება ცნობილი. აღნიშნული წლის იანვრიდან ტყვიის შემცველობის შესახებ ანალიზის პასუხი ოჯახებს გადაეგზავნებათ, ხოლო სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.