ჯანმოს მონაცმებით მსოფლიოში სუიციდის მაჩვენებელი უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში 60%–ით გაიზარდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ მსოფლიოში, ყოველწლიურად 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს
თვითმკვლელობით. შემთხვევების 75% საქართველოს კატეგორიის ქვეყნებზე ანუ საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებზე
მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით
ქვეყნის მასშტაბით სუიციდის 365 და სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევაა რეგისტრირებული.
სუიციდი სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზია 15-29 წლის ახალგაზრდებს შორის.
საქართველოში ყოველწლიურად მოზარდებში სუიციდის 10-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
აღნიშნული თემა, სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა შორის სუიციდის აღსაკვეთად მექანიზმები არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მოზარდთა თვითმკვლელობის პრევენციის ერთიანი დოკუმენტი.