იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა,
შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და კლინიკა ,,მედიქალ სითიში” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები მოინახულეს. ამ ეტაპზე თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში 26 ბავშვი მუცლის ტკივილით, ღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ამჟამად კი სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი გადის.
“ეს არის ტიპიური ნაწლავური ინფექცია, საქმე გვაქვს “შიგელოსთან”. რაც შეეხება რაოდენობას, ჰოსიპიტალიზირებული სულ იყო, ბოლო დღეების მაძილზე, 26 ბავშვი, დღეს უკვე გაციებით ნაკლებია. გარდა ამისა მიმდინარეობს საკარდაკარო ჩამოვლა. რაც შეეხება მიზეზებს, ჯერ-ჯერობით ადრეა ლაპარაკი, მიმდინარეობს კვლევა, აქ არიან სურსათის ერვოვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი იკვლევენ ყველა იმ პროდუქტს, რომლებიც იყო მიწოდებული ამ საბავშვო ბაღებში” – პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.
“ჩვენ ფაქტის დაფიქსირებისთანავე მოვახდინეთ რეაგირება, ჩაერთვნენ შესაბამისი სამსახურები და უკვე 2-3 დღეში გვექნება კვლევის შედეგები. ბავშვების მდგომარეობა, როგორც სტაციონარში, ასევე, ბინაზე დამაკმაყოფილებელია. სწავლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 22-ვე ბაღში მას შემდეგ განახლდება, რაც ყველა საჭირო კვლევა დასრულდება” – გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.
ბაღებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს გამოძიება რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოკსიკაცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამომწვევი მიზეზების დადგენამდე პრევენციის მიზნით წყალტუბოს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. სწავლა წყალტუბოს 22 ბაღში გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება.