ქუთაისის N8 აფთიაქი პეტრე-პავლე
კოკოჩაშვილის სახელს ატარებს. წელს მას ეს სახელი ქუთაისის საპატიო მოქალაქეებისა და ქალაქის სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნით მიანიჭეს.
N8 აფთიაქი იყო პირველი, რომელიც ქუთაისში 1869 წლის 22 ივნისს გაიხსნა. იმ დროისათვის ქუთაისის გუბერნიაში ერთადერთი აფთიაქის გახსნა სწორედ პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის დამსახურება იყო. ქუჩას, სადაც აფთიაქი გაიხსნა, შემდგომში აფთიაქარის ქუჩა ეწოდა. პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის სერიოზული კომერციული კავშირები ქონდა საერთაშორისო დონეზე და სხვადასხვა მედიკამენტურ მოწყობილობებს იძენდა რუსეთიდან, კონსტანტინოპოლიდან, ბერლინიდან და ვენიდან.
შემდეგ პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა თავისი საქმიანობა გააფართოვა და ერთმანეთის მიყოლებით გახსნა აფთიაქები 1875 წელს ტყიბულში, შემდეგ ბათუმში, უწერაში და ა.შ. 1890 წელს კი, ქუთაისში კოკოჩაშვილმა გახსნა სააფთიაქო და ქირურგიული აპარატურის მაღაზია.
პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი 1832 წელს ქუთაისში დაიბადა და განათლებაც აქ, ქუთაისელ კათოლიკე პატრებთან, მიიღო.