ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა 94%-ზე მეტი გამოცხადდა და ორმა დააგვიანა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ საუბრისას დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ერთადერთი, რის გამოც ეთიშებით გამოცდებს, არის ის, რომ იგვიანებთ. პირადობაც რომ დაგრჩეთ და საგამოცდო ბარათიც, მაშინაც კი შეგვიძლია რამე ვიღონოთ, დამატებითი პროცედურები გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცედურაა, მაგრამ მოვახერხებთ და მაინც შევუშვებთ. ანუ, ამის გამო არ დაბრუნდეთ სახლში უკან. ძალიან გთხოვთ, არ დაგრჩეთ, მაგრამ, თუ დაგრჩებათ, გთხოვთ, მაინც მობრძანდეთ”, – ამბობს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.
როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, ჯერ არ იცის, რა გახდა ორი აბიტურიენტის დაგვიანების მიზეზი, თუმცა, ამბობს, რომ როგორც წესი, გზებზე არსებულ საცობებს აბრალებენ.
სოფო გორგოძის თქმით, დაფიქსირდა COVID-19-ით დაავადების გამო გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევებიც და ასეთი აპლიკანტებისთვის დამატებითი სესიების დაგეგმვა დაანონსდა.