ქუთაისში, პროექტი ,,თავისუფლების აკადემია” დაიწყო, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მოსწავლეები და სტუდენტები არიან ჩართულნი.
პროექტის მიზანი ადამიანების უნარების გაძლიერებაა იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ თვითმმართველობის კონტროლი და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა.
დღევანდელ შეხვედრაზე ორი ფილმი აჩვენეს. ერთში მოთხრობილია უმცირესობების მიერ უმრავლესობაზე გავლენის მოხდენის და ცვლილებების განხორციელების გზებზე, მეორეში კი ნაჩვენებია, როგორ შეძლო აშშ-ში მცხოვრებმა ოთხმა შავკანიანმა სტუდენტმა საზოგადოების მიმხრობა და პროტესტის გაზრდა. ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სტუდენტები შავკანიანთა დისკრიმინაციას არაძალადობრივი გზით დაუპირისპირდნენ, ძალადობას ძალადობით არ უპასუხეს, რითაც მიზანს მიაღწიეს -მათი უფლებები თეთრკანიანთა უფლებებს გაუთანაბრდა.
ასევე, პროექტის მონაწილეები დანაწილდნენ ოთხ ჯგუფად, გადაინაწილეს როლები, რათა სხვა ჯგუფებზე მოეხდინათ გავლენა და მიეღოთ უპირატესობები.
,,პროექტი ,,თავისუფლების აკადემია” ბათუმში განხორციელდა. იმედი გვაქვს, ქუთაისშიც ისეთივე წარმატებით განხორციელდება, როგორც ბათუმში. დღეს პირველი დღე გვქონდა, მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს. პროექტი 6 თვე გაგრძელდება. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა და აქტივობა გველოდება,”-ამბობს პროექტის მენეჯერი, გვანცა კვარაცხელია.
პროექტში, ჯამში, 30 ადამიანია ჩართული.