ქუთაისში  პროექტის ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის-ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ’’

დახურვის ცერემონია გაიმართა. პროექტი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის მანძილზე 18 ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რის შემდეგაც პროექტის მონაწილეებმა რადიო გადაცემები მოამზადეს. ტრენინგების თემატიკა ბავშვთა, შრომით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებებს, მედიასა და პრულარიზმს და სახელმწიფო მოწყობას ეხებოდა. სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით მომზადდა გადაცემები, რომლებიც რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ეთერში გავიდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ ორგანიზებით განხორციელდა.

 

,,ის ტრენინგები, რომლებიც ჩვენმა ტრენერებმა ჩაატარეს, ვფიქრობ, საინტერესო და ნაყოფიერი იყო პროექტის მონაწილეებისთვის. მათ მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფს მათი მინიმალური უნარების განვითარებას. რაც მთავარია, მიიღეს გამოცდილება ჟურნალისტურ საქმიანობაში, ისწავლეს როგორ მოამზადონ გადაცემა, სიუჟეტი, თუ რომელიმე მათგანი გადაწყვეტს, რომ ამ პროფესიას გაჰყვეს, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება. პროექტის მონაწილეები სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები არიან’’-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის’’ გამგეობის თავმჯდომარე, ქეთევან ბერძენიშვილი.

პროექტის დახურვის ცერემონიაზე პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, არაფორმალური განათლება აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღონ მეტი ცოდნა და იყვნენ კონკურენტუნარიანნი შრომით ბაზარზე.

,,ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები იყო განხილული. ასეთი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალგაზრდას, რომ მეტად გაიაზროს თავისი როლი სახელმწიფოს წინაშე და იყოს მეტად ჩართული ქვეყნის მართვაში,’’-ამბობს პროექტის მონაწილე, ზურა ქარქაშაძე.

პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *