დღეიდან უნივერსიტეტებს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში
წარმართვის საშუალება მიეცათ. სასწავლო დაწესებულებებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ რეჟიმში გააგრძელებს. სალექციო კურსების 90% ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო ლაბორატორიული მეცადინეობები უნივერსიტეტის კორპუსებში მიმდინარეობს. სასემინარო მუშაობა, თუ ჯგუფში 30 სტუდენტამდეა, აუდიტორიებში განახლდება, ხოლო სხვა შემთხვეევაში ონლაინ ფორმატით გრძელდება.
“დღევანდელ რეგულაციებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, თუმცა, საფრთხეებს მაინც ვხედავთ. ერთ ადამიანზე 5 კვ. მ ფართობია გათვალისწინებული, ასეთი კი ყველა აუდიტორია არ გვაქვს, რომელიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი განცხადება, როდესაც სტუდენტები სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვენ, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. ამ ყველაფრის შეჯერებით მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება,”-აცხადებს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, შალვა კირთაძე.
უნივერსიტეტში შესვლის დროს აუცილებელია თერმოსკრინინგი, შენობაში განთავსებულია სადეზინფექციო საშუალებები, მონიშნულია მერხებთან ადგილები დისტანციის დაცვით.
უნივერსიტეტში 8 000 აქტიური, ხოლო 2 000 შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე