კერძო სკოლის მოსწავლეებს დავალიანების შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეთ.

კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონში’’ ცვლილების შეტანის თაობაზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა დაარეგისტრირეს. ცვლილების მიხედვით, დავალიანებაში მყოფ მოსწავლეს სკოლა სტატუსს პირველი სემესტრის დასრულებიდან მეორე სემესტრის დაწყებამდე გაუუქმებს, მაგრამ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება სწავლა სხვა სკოლაში გააგრძელოს. კერძო სკოლა ვალდებული იქნება გადაწყვეტილების მიღების დღესვე აცნობოს განათლების სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და დოკუმენტაცია გადასცეს სკოლას, სადაც მოსწავლე ჩაირიცხება. იმ შემთხევაში თუ სკოლები შესაბამის დოკუმენტაციას არ გასცემენ, რითაც მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობას ხელს  შეუშლიან, მათ გაუუქმდებათ ავტორიზაცია. კანონპროექტის ავტორის, გიორგი ამილახვარის თქმით, ცვლილება იცავს მოსწავლის განათლების უფლებას და ამავე დროს კერძო სკოლის ინტერესებს. როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, ერთ სკოლაში არსებული დავალიანება მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის პროცესს არ შეაფერხებს, შესაბამისად, დაცულია მოსწავლის განათლების უფლება.

 

,,სანამ სემესტრი არ დასრულდება, მანამ სკოლა მოსწავლეს სტატუსს ვერ გაუუქმებს. მეორე სემესტრში კი მოსწავლეს შეუძლია საბუთები სხვა სკოლაში გადაიტანოს, შესაბამისად, არ იქნება წყვეტა. ადრე მოსწავლის საბუთების სხვა სკოლაში გადატანა პრობლემა იყო, რადგან ამ პროცესს კერძო სკოლები სპეციალურად აჭიანურებდნენ. ახლა კერძო სკოლა ვალდებული იქნება გასცეს დოკუმენტაცია. სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას მიუხედავად დავალიანებისა,  მოსწავლეს შესთავაზოს საჯარო სკოლის სერვისი, რათა არცერთი მოსწავლე დარჩეს განათლების გარეშე,’’-ამბობს გიორგი ამილახვარი.

მისი თქმით, აქამდე მშობელსა და კერძო სკოლას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იყო განსაზღვრული სანქციები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში მშობელს ეკისრებოდა, კანონში შესატანი ცვლილება კი ბიზნესის ინტერესებსაც დაიცავს და მოსწავლეებსაც შეეძლებათ სრულყოფილი განათლების მიღება.

,,ზოგადი განათლების კანონში’’ შესატანი ცვლილებები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, ზაალ გორგიძემ შეაფასა. მისი თქმით, კანონი მოსწავლის განათლების უფლებას არ ზღუდავს, რადგან ამ შემთხვევაში მშობელს აქვს უფლება არჩევანი გააკეთოს კერძო და საჯარო სკოლებს შორის.

,,აქ მოსწავლე განათლების ფორმას შეიცვლის, განათლების უფლება არ შეეზღუდება. რაც შეეხება ზოგადი განათლების კანონს, მასში ბევრი რამაა დასახვეწი, საჭიროა განათლების რეფორმა. ეს პროცედურული ცვლილებაა, არ არის ისეთი ცვლილება ,რომ განათლების ხარისხი გააუმჯობესოს,’’-ამბობს ზაალ გორგიძე.

მიუხედავად იმისა, რომ იურისტები კანონში შესატან ცვლილებას ბავშვთა განათლების უფლების დარღვევად არ აფასებენ, გასათვალისწინებელია ის ემოციური პროცესები, რაც მოსწავლის ერთი სკოლიდან მეორეში გადაყვანას შეიძლება მოჰყვეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სკოლის შეცვლის მიზეზი თანხის გადაუხდელობაა. Unicef-ის განათლების სპეციალისტის, ნათია ჯოხაძის მოსაზრებით, ე.წ თინეიჯერობის ასაკს მთელი რიგი ფსიქლოგიური ფაქტორები ასახიათებს და  ასაკობრივი თავისებურებები გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის დროს. Მისი თქმით, მოსწავლის ერთი სკოლიდან მეორეში გადაყვანა ისე უნდა მოხდეს, რომ მოზარდმა ტრამვა არ მიიღოს.

,,გარდამავალ ასაკში ბავშვები იშვიათად ეგუებიან ახალ გარემოს და ახალ კლასელებს. მნიშვნელოვანია ეს ბავშვები იყვნენ მხარდაჭერილნი როგორც ოჯახის, ასევე მიმღები და არსებული სკოლების მხრიდანაც. ნებისმიერი პროცესი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ამოსავალი იყოს ბავშვი, მის უფლებები და  მისი ემოციური მდგომარეობა. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად საბაზო განათლება არის ბავშვის ფუნდამენტური უფლება, ეს უფლება ამ კანონით არ ირღვევა, რადგან მოსწავლე განათლების ფორმას იცვლის, მაგრამ განათლების სიტემაში რჩება,’’-ამბობს ნათია ჯოხაძე

Კანონში შესატანი ცვლილება მიუღებელია მშობლებისთვის, რადგან თვლიან, რომ სკოლის შეცვლამ ბავშვზე შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.

,,მოზარდობის ასაკში ბავშვები იშვიათად ეგუებიან ახალ სამეგობრო წრეს,ამიტომ თუ სკოლას შეიცვლიან, ეს ბავშვისთვის შეიძლება ტრამვული იყოს. Ჩემი შვილი ჯერ პირველ კლასშია, მაგრამ შეიძლება ჩვენც შევეჯახოთ ამ რეალობას,’’-ამბობს თათია ფახურიძე.

Ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე მიიჩნევს, რომ მობილობის შემთხვევაში დროულად უნდა ეცნობის ბავშვს და მის მშობელს, რათა მოხდეს ბავშვის მომზადება.  მისი თქმით, ამ დროს მნიშვნელვანია რა ფორმით მიეწოდება მოზარდს ეს ინფორმაცია.

,,აქ მნიშვნელოვანია ბავშვის/მოზარდის საჭიროებების განსაზღვრა, მაგ. თუ ბავშვი არის სენსიტიური სკოლის გამოცვლის მიმართ, ან არ უნდა სკოლიდან გადასვლა და ასევე სხვა რაიმე რისკი არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან მუშაობა და მისი მხარდაჭერა…’’-ამბობს თეა ფანჩულიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *