ესეების კონკურსის, ,,ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”, გამარჯვებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მელანო ცირეკიძე გახდა. მისი ნაშრომი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უპირატესობებს ეხებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური განვითარებისთვის იმერეთში.
,,ესეზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ნათლად გამოჩნდა პრობლემები იმერეთის მასშტაბით, ასევე, ევროკავშირის სიკეთეები, შესაძლებლობები, რომელსაც გვაძლევს და რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო გამარჯვება. მოულოდნელად დამირეკეს და ვინაიდან რეგიონიდან ვიყავი უარიც კი ვუთხარი ღონისძიებაზე დასწრებაზე. მითხრეს, რომ გავიმარჯვე და უნდა ჩავსულიყავი. ძალიან გამიხარდა. ემოციებს ვერ ავღწერ. კარგი ყოფილა შრომა რომ გიფასდება. მადლობა ჩემს ხელმძღვანელს ქალბატონ მედეას და ჩემს უნივერსიტეტს.” – აღნიშნა მელანო ცირეკიძემ.
კონკურსზე18 უნივერსიტეტიდან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების 100-მდე ნაშრომი იყო წარდგენილი.
მელანო ცირეკიძეს ფულადი ჯილდო და სერთიფიკატი საქართველოს პარლამენტში კამპანია – “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” დახურვის ცერემონიაზე გადასცეს.
კონკურსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.