ქუთაისში ეროვნული, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს გამოცდებისათვის
3 ცენტრი იფუნქციონირებს. გამოცდები ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში, მისამართზე ცისფერყანწელთა ქ. №6; ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა,რუსთაველის ქ. №127-სა და ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა, არაყიშვილის №15- ში ჩატარდება.
ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.
გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:
მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
ჯერ არსებული რეკომენდაციების მიხედვით, მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აბიტურიენტებს შესაძლოა, გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მისცენ. საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოს დღეებში გაახმოვანებენ.