განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ სასკოლო მიმართულებით მთავრობა სამ ძირითად ასპექტზე გაამახვილებს ყურადღებას. პირველი, ეს არის სკოლის ინფრასტრუქტურა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია როგორც ახალი სკოლების მშენებლობა, ასევე, არსებული სკოლების რეაბილიტაცია. მეორე, ეს არის სახელმძღვანელოები, რომლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა დაწყებულია. მესამე, ეს არის მასწავლებლები.
“მოგეხსენებათ, რეფორმის ფარგლებში, შემოდგომაზე მასწავლებელთა ანაზღაურება იზრდება 150 ლარით და როგორც დავპირდით ჩვენს პედაგოგებს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების კიდევ დამატებით 150 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელთან შედარებით, პედაგოგის ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ხელფასების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ეს პროცესი გაგრძელდება ყოველწლიურად და, შედეგად, გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ,”-განაცხადა ბატიაშვილმა.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს დაგეგმილი პროფესიული განათლების მიმართულებით, კერძოდ, მომავალ წელს დაგეგმილია 6 ახალი პროფესიული სასწავლებლის აშენება, რაც გაზრდის რეგიონულ დაფარვას და ხელმისაწვდომობას.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე